სუსის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება

ლილუაშვილს ბრალდება სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ე’ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ლილუაშვილისთვის აღკვეთის ღინისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
პროკურატურა ლულუაშვილს ქრთამის აღების რამდენიმე ეპიზოდს ედავება, მათ შორის:
“პირველი ეპიზოდი: 2022 წლის ოქტომბრის თვეში, მან თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით აიღო 1 მილიონი აშშ დოლარი, რათა მას ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისათვის.
მეორე ეპიზოდი: 2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია “ექსპრესსერვისი 2008-ის” დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა მილიონ ხუთასი ათასი ლარი.
მესამე ეპიზოდი: შეეხება 2021-2023 წლებს, როდესაც მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლ-ცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლ-ცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ, ხოლო ქოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა.
აღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით, სანდრო ლილუაშვილის შუამავლობით, დაახლოებით 1 365 000 აშშ დოლარი მიიღო.
მეოთხე ეპიზოდი: გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. “ატკატებს” იღებდა.
ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ” – წერს პროკურატურა.
აღსანიშნავია, რომ უწყების განცხადებით ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით, გამოძიება “მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლილუაშვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლ-ცენტრების არსებობა, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლ-ცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ.”
შეგახსენებთ 2022 წელს მაშინდელმა სუს-ის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა მთავარ არხს, ფორმულასა და ლევან ხაბეიშვილს უჩივლა, მის მიერ ქოლ-ცენტრების შესაძლო მფარველობაზე მომზადებული სიუჟეტების გამო. ლილუაშვილი მათ ცილისწამებაში ადანაშაულებდა და სიმბოლურად 1 ლარის გადახდას ითხოვდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ლილუაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანიებს დაავალა ორი კვირის ვადაში გაევრცელებინათ ინფორმაცია, რომ საქმეზე ცილისწამება დადგინდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.
“საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებას, რითაც სასამართლომ დააკმაყოფილა გრიგოლ ლილუაშვილის სარჩელი შპს ფორმულას, შპს მთავარი არხის და ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ. კერძოდ, სარჩელში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი, სადავოდ ხდიდა მედიაში გავრცელებულ განცხადებებს, რომლებიც დანაშაულებრივ სქემაში, ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და მისი, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელის, სავარაუდო ფიგურირებას უკავშირდება. პირველმა ინსტანციამ მოსარჩელის მიმართ დაადგინა ცილისწამების ფაქტი და მოპასუხეებს დააკისრა იმავე მედიასაშუალებების მეშვეობით გავრცელებული ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოში, მედიის წარმომადგენლები, ითხოვდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, ასევე იმ განჩინების გაუქმებას, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი თქვა საქმის წარმოების შეწყვეტაზე.
სააპელაციო საჩივარში მედიის წარმომადგენლები უთითებდნენ, რომ არასწორი იყო პირველი ინსტანციის შეფასება გაკეთებული განცხადებების ფაქტებად მიჩნევასთან დაკავშირებით, ვინაიდან ისინი იყო ჟურნალისტის მოსაზრებები და დასკვნები, რაც საკმარის ფაქტობრივ გარემოებებს ეყრდნობოდა და რის გამოც დაუშვებელია მათ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ.
სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მედიის წარმომადგენლების მოსაზრებები და მათი არგუმენტაცია და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
- საყურადღებოა, რომ როგორც საქალაქო სასამართლოში, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოშიც დავის მიმდინარეობისას მსგავსი ძირითადი პრობლემები გამოიკვეთა, რაც მიგვანიშნებს, რომ ცილისწამების საქმეებთან დაკავშირებით, ეროვნული სასამართლოების მიერ ერთგვარი ტენდენცია ყალიბდება, კერძოდ:
- სააპელაციო სასამართლოშიც, მოსამართლეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს სუს-ის ხელმძღვანელის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის მიმართ. ამ შემთხვევაშიც, საქმე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებით, არაორდინალურად სწრაფად, შემჭიდროებულ ვადებში, განიხილეს;
- სასამართლომ ისევ არ მიიღო მხედველობაში, რომ სახეზე არ გვაქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომელიც განცხადების ცილისწამებლურად აღიარების შესაძლებლობას იძლევა. მათ შორის, არ დასტურდება ზიანი, რომელიც თითქოს გრიგოლ ლილუაშვილს მიადგა გავრცელებული განცხადებებით. ვერც ის დამტკიცდა, რომ მოპასუხეები მოქმედებდნენ აშკარა და უხეში დაუდევრობით, მიუხედავად ამისა, სასამართლომ მაინც დაადგინა, ცილისწამების ფაქტი;
- მოსარჩელემ თავისი პოზიცია დაამყარა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებების მანიპულაციურ განმარტებებს, რაც სასამართლოს შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენდა, და როგორც ჩანს სასამართლომ ისინი გაიზიარა;
- სასამართლომ არ გაითვალისწინა მსგავსი გადაწყვეტილების მიღებით გამოწვეული საფრთხეები. მათ შორის ყურადღება არ გაუმახვილებია იმაზე, რომ სარჩელი შეტანილია სუს-ის ხელმძღვანელის მიერ, რომელსაც მედიაში გავრცელებული კრიტიკული მოსაზრებების მიმართ მეტი თმენის ვალდებულება გააჩნია.” – წერდა 2022 წლის 30 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), რომელიც სასამართლოში იცავდა ფორმულას ინტერესებს.
როგორც მოგეხსებებათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისვე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკების ჩატარების შედეგად ამოიღეს ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.
პროკურატურამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული ჩატარდა სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკები 17 ოქტომბერს.
ასევე სულ რამდენიმე დღეში სუს-ის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე დააკავეს 23 ოქტომბერს ასევე ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, მისი ნათესავი ანდრია ლილუაშვილი.
ამასთან ერთად, სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის ახლობლის ბიჭიკო პანკისის წინააღმდეგაც აღძრულია საქმე.
. გარდა ამისა,ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს რომეო მიქაუტაძეს მას 2 556 192 ლარის უკანონო, დაუსაბუთებელი ლეგალიზაციის ბრალდებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 23 ივნისს შეუფარდეს.
როჰორც პროკურორი საქმის ფანხილვისას აცხადებს, მიქაუტაძეს დაახლოებით ₾8 400 000-ის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
