დიდთოვლობას ვერ გაუძლო და ბათუმის აეროპორტის შენობა ჩაინგრა
1 min read

დიდთოვლობას ვერ გაუძლო და ბათუმის აეროპორტის შენობა ჩაინგრა

ბათუმის აეროპორტის შენობის კონსტრუქციამ დიდთოვლობას ვერ გაუძლო და ჩამოიქცა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. ადრე თბილისის აეროპორტში წვიმა ჩამოდიოდა. ორივე აეროპორტი მართვაში თურქულ TAV-ს, კაბალური შეთანხმებით, 2005 წელს სააკაშვილმა კონცესიით გადასცა, იმ ვალდებულებით, რომ გარკვეულ რადიუსში სხვა აეროპორტის აშენების უფლება ქართულ მხარეს არ ექნებოდა. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ თურქული კომპანია ბაზარზე მონოპოლისტი ყოფილიყო, უკონკურენციოდ ემუშავა და მაქსიმალურად ეხეირა.

ბათუმის და თბილისის აეროპორტების შენობები დაბალი კლასის კონსტრუქციებია, სადაც სხვა აეროპორტებთან შედარებით, იაფფასიანი მასალები არის გამოყენებული და ამიტომაც ხდება მსგავსი კოლიზიები. ცნობისთვის: შარშან სერბეთში ქალაქ ნოვი სადის ვაგზლის გადახურვა ჩამოინგრა, იყო მსხვერპლი, რასაც მოყვა მრავალათასიანი მიტინგები, პრემიერის გადადგომა და ვითარება დღემდე არ დაწყნარებულა.

ამავე დროს ორივე აეროპორტის მუშაობა ისეა მომართული, რომ სტამბოლის აეროპორტები ტრანზიტული მგზავრებით მოამარაგოს. საავიაციო ჰაბის ფუნქციის შესრულება საქართველოს თავად შეუძლია. რეალურად ჩვენ ეს შესაძლებლობა მოგვიკლეს და სტამბოლის აეროპორტის “დანამატის” ფუნქცია გვერგო. აეროპორტის შენობებში ინვესტორმა მინიმალური თანხები ჩადო, ხოლო მგზავრთა მომსახურებას მაღალი ტარიფით ახდენს. მაგალითისთვის: TAV სტამბოლის ათათურქის აეროპორტში ერთ მგზავრზე 15$-ს იღებს, ხოლო თბილისის აეროპორტში იგივე კომპანიას 25$ აქვს დაწესებული ანუ საქართველოში ზემოგებებს იღებენ.

2017 წელს ქართულმა მხარემ 2035 წლამდე მოქმედი ხელშეკრულება TAV-თან 2027 წლამდე შეამცირა. მივიღეთ საკმაოდ ძვირი და არცთუ სასიამოვნო გამოცდილება. უფრო ღრმა ანალიზი რომ გააკეთო და გამოიკვლიო, თუ რატომ იბლოკებოდა თბილისის აეროპორტში ე.წ. “ლოუკოსტერების” ფრენა, შესაძლოა მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ ტურისტული ნაკადების შეფერხება ჩვენს ქვეყანაში შეგნებულად ხდებოდა.

დასკვნა: ისეთი სტრატეგიული ობიექტები, როგორიცაა პორტები, აეროპორტები, მილსადენები, ცენტრალური მაგისტრალები, წიაღისეულის საბადოები, სტრატეგიული კომუნიკაციები, დიდი ენერგეტიკული ობიექტები, მეგა ქარხნები სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, რათა სახელმწიფოს ჰქონდეს პოლიტიკის წარმართვის შესაძლებლობა. ტარიფები მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს და არა კერძო კომპანიებმა, თუნდაც ისეთმა მსხვილებმა, როგორიცაა მაგალითად TAV და Maersk ფოთის პორტში. სისტემაწარმომქმნელი საწარმოები ქართული კონტროლის ქვეშ უნდა იყოს.

ირაკლი გოგავას პოსტიდან

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *