ლევან ხაბეიშვილი 200 000 აშშ დოლარის ქრთამის  გადახდას საჯაროდ დაჰპირდა პოლიციის თანამშრომლებს
1 min read

ლევან ხაბეიშვილი 200 000 აშშ დოლარის ქრთამის გადახდას საჯაროდ დაჰპირდა პოლიციის თანამშრომლებს

 რამდენიმე ხნის წინ, ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაპჭოს თავჯდომარე ლევან ხაბეიშვილის დაპატიმრება ტელეკომპანია „ფორმულასთან“ მოხდა.

“მეგობრებო, უნდა გესმოდეთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მდინარაძეს რა დავალებაც ჰქონდა, ასრულებს. არაფრის შეგეშინდეთ, იმიტომ, რომ ძალა არის ქართველ ხალხში. ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის, მე ამის მოლოდინი მქონდა და ისინი აპირებენ დამაკავონ.

მაკავებენ იმიტომ, რომ თურმე ერთ ადამიანს, ხაბეიშვილს შეუძლია ივანიშვილის დამარცხება. თქვენ შეგიძლიათ დაამარცხოთ ივანიშვილი, თქვენ შეგიძლიათ დაამარცხოთ ეს რეჟიმი”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

რას ედავებიან ლევან ხაბეიშვილს?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა.

აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

„სისხლის სამართლის საქმე ეხება ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტს. კერძოდ, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი – ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში, ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს ჰპირდებოდა ქრთამის მიცემას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე; ასევე, თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ, კანონით ნებადართულ სპეციალურ საშუალებებს.

ვინც ასეთ ქმედებას განახორციელებდა, ლევან ხაბეიშვილი საჯაროდ ჰპირდებოდა 200 000 აშშ დოლარის გადახდას. გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილი 200 000 აშშ დოლარის ქრთამის სახით გადახდას საჯაროდ დაჰპირდა პოლიციის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მიაწვდიდნენ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციასა და საიდუმლო მასალას. იგი დასახელებულ თანხას ქრთამის სახით დაჰპირდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს წვრთნასა და ვარჯიშზე უარის თქმის სანაცვლოდაც.

ლევან ხაბეიშვილმა ასევე საჯაროდ განაცხადა, რომ პოლიციელებისთვის დაპირებული თანხის გადახდა მიაჩნია მიზანშეწონილად, რადგან ნებისმიერი მეთოდი უნდა იქნეს გამოყენებული ხელისუფლების შესაცვლელად. ვინაიდან ხაბეიშვილის მიერ ჩადენილ ქმედებაში, რომელსაც ჰქონდა განგრძობითი, სისტემატური ხასიათი, იკვეთება იმ დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, იგი დაკავებულ იქნა ჩვენ მიერ ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე. დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადა სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *