
” ჯავახეთში ალავიტი ოჯახები ხომ არ ჩამოვასახლოთ”?- დაცლილ რეგიონებს თუ არ მივხედეთ, ცარიელ ტერიტორიებს სხვები შეავსებენ!”-ლევან მამალაძე
დაცლილ რეგიონებს თუ არ მივხედეთ,
ცარიელ ტერიტორიებს სხვები შეავსებენ!
გვესაუბრება „სტრატეგიული
დაგეგმარების ცენტრის“
ხელმძღვანელი ლევან მამალაძე:
- _ ბატონო ლევან, ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პუტინის განცხადებას პერსპექტიული, მაგრამ არასრული უწოდა. პუტინი ზავის დადებას გარკვეული პირობების სანაცვლოდ თანხმდება. რა განვითარებას ხედავთ ამ კუთხით?
_ ვფიქრობ, ცეცხლის შეწყვეტა, საკითხის გადაწყვეტას არ ნიშნავს. დიდმა პოლიტიკოსებმა თქვეს, მოდი, ცეცხლის შეწყვეტის საკითხი დავაყენოთ და თუ რუსეთი ამაზე უარს იტყვის, ყველაფერი მას დავაბრალოთო. რუსეთმა იცის ამ თამაშების შესახებ და ამიტომ ამბობს, ჩვენ მზად ვართ ცეცხლის შესაწყვეტად, მაგრამ არსებობს შეკითხვები: რისთვის გამოიყენებს 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას უკრაინა _ მობილიზაციისთვის, ძალების გადასინჯვისთვის თუ ახალი ტექნიკის შეყვანისთვის, როგორ მოხდება კონტროლი, იდენტიფიკაცია, თუ რომელმა მხარემ დაარღვია შეთანხმება?! აქვე მნიშვნელოვანია კურსკის თემა. ზელენსკის გადაწყვეტილი ჰქონდა, კურსკი მოლაპარაკებებისთვის გამოეყენებინა, რამაც აზრი დაკარგა _ რუსები გაზის მილში გაძვრნენ და უკრაინელებს სუჯაში ზურგიდან დაარტყეს.
რუსეთი ფრონტის მიმართულებით ყველგან უტევს. ასე რომ, ცეცხლის შეწყვეტის სურვილზე მეტად, ჩემი აზრით, მხარეები ომის გასაგრძელებლად მოემზადებიან. ომის დასრულების სურვილს ვერ ვხედავ. კი ბატონო, ტრამპი ომის დასრულების მომხრეა, მაგრამ ევროპელებს იგივეს ვერ ვამჩნევ. ზელენსკი დასავლეთის თამაშს თამაშობს და ქვეყანა ამას შესწირა. პუტინიც მზადაა, რომ ომი გაგრძელდეს.
_ როგორც იკვეთება, ომი ყველას აწყობდა. ამის მიზეზი რა იყო?
_ მიზეზი შემდეგია: ომის პირველ ეტაპზე ძველი იარაღი იქნა უტილიზირებული. რუსეთი ძველ იარაღს იყენებდა. მთელი ევროპიდანაც ძველი საბჭოთა იარაღი გამოიტანეს, ასევე, უტილიზაციისთვის განკუთვნილი ნატო-ს შეიარაღება. ევროპამ მოძველებული ტანკები, რასაც ვერსად ყიდდა, უკრაინას მიაწოდა. ომის მეორე ეტაპზე შედარებით ახალი იარაღი გამოიყენეს და შემდეგ სრულიად ახალ იარაღზე გადავიდნენ, რასაც უკვე ფინანსები სჭირდება. ამიტომ აშშ-ს ომის გაგრძელება ეკონომიკური თვალსაზრისითაც არ აწყობს. ამერიკა იმდენ იარაღს ვეღარ აწარმოებს. ახლა თავისი ფულით რომ აწარმოოს იარაღი და მერე უკრაინას მიაწოდოს, ამას ეკონომიკური თვალსაზრისით გამართლება არ ექნება. ტრამპი ბიზნესმენია და ეს ყველაფერი გათვლილი აქვს.
_ გამოდის, დროებითი ცეცხლის შეწყვეტა ომის დამთავრებას არ ნიშნავს?
_ დღეს ფრონტის ველზე, ყველა მიმართულებით რუსები აქტიურობენ. ბევრი ფაქტორი მეტყველებს იმაზე, რომ შესაძლოა, ომი კვლავ გაგრძელდეს. ცეცხლის შეწყვეტის დრო, ალბათ, ომის დამთავრებაზე შეთანხმებისთვის უნდა გამოიყენონ. რუსეთი ტერიტორიების დათმობას არ აპირებს, რაც მას კონსტიტუციაში აქვს შეტანილი. უკრაინასაც უნდა, რაღაც დარჩეს. მან ტერიტორიების საკითხი ჯერ კიდევ მინსკის მოლაპარაკებისას გაუშვა ხელიდან. მაშინ ზელენსკიმ სხვა თამაში ითამაშა. შინაგანი რწმენა, რომ ომი მალე შეწყდება, არ მაქვს.
_ როგორც ტრამპმა აღნიშნა, თუ პუტინი ზავს არ დასთანხმდება, იგი მზად არის, მკაცრი ფინანსური ზომები მიიღოს, რაც რუსეთს გაანადგურებს. რა ბერკეტი აქვს ტრამპს ამ კუთხით?
_ ფაქტობრივად, ამ ეტაპზე რუსეთი სვიფტიდან გამორთულია, მასთან სავაჭრო ურთიერთობები მინიმუმზეა დაყვანილი. რუსეთს თავისი საბანკო სისტემა აქვს შექმნილი, თანაც ჩინეთთან ერთად უკვე ააწყო სავაჭრო ურთიერთობები. ეს რეალობაა. რუსეთში დოლარის ბრუნვა აღარ ხდება, ამერიკამ ნაღდი დოლარის მიწოდება შეუწყვიტა. სხვა რა ბერკეტი რჩება ამერიკას? _ ერთადერთი, შეუძლია, ურანი აღარ იყიდოს, რაც თავად მასვე დააზარალებს. რუსეთი და ამერიკა, ძირითადად, ძვირფასი მეტალების, ურანის, ატომური ენერგეტიკისა და კოსმოსის კუთხით თანამშრომლობენ, რისი შეწყვეტა, თავად ამერიკას დააზიანებს.
ასე რომ, ვერ ვხედავ, ტრამპს რამე სერიოზული ბერკეტი გააჩნდეს, რათა რუსეთი საგრძნობლად დააზიანოს.
ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ბირთვულ, მსოფლიო ომში არ გადაიზრდება. აქ კიდევ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი _ გამორიცხული არ არის, ომი გაგრძელდეს, უფრო მძიმე ვითარება შეიქმნას და რუსეთმა ამით წინ წაიწიოს. ტრამპმა თავიდანვე აღნიშნა, რომ, რაც უკვე რუსეთს მოპოვებული აქვს ამ7 ომით, იმის დაბრუნებას ვერ მოსთხოვს. შესაძლოა, შეთანხმებაც ამ მიმართულებით მოხდეს. ცალკე თემაა, რა ბედი ეწევა უკრაინას, სადაც პოლონეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის, რუმინეთის ინტერესები იკვეთება. ტერიტორიებზე, რომელიც სტალინმა მეორე მსოფლიო ომის შედეგად უკრაინას შეუერთა, ყველას თვალი აქვს დადგმული.
ევროპელებს ომის საფრთხე სჭირდებათ, რუსები შეტევაზე არიან გადასული და გაჩერება დიდად არ აწყობთ, ამერიკელებს კი სურთ, ეს პრობლემა დროზე მოიშორონ, ტრამპს წინ ბევრად დიდი გეგემები აქვს.
_ ბატონო ლევან, ახლახან თქვენს ფეისბუქზე საზოგადოებას ჰკითხეთ, რას ფიქრობენ სირიელი ქრისტიანი და ალავიტი ოჯახების ჯავახეთში ჩამოსახლებაზე, რამაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
_ სირიაში ქრისტიანები, ალავიტი ოჯახები საშინელ დღეში არიან. ისინი, ისტორიულად, თურქების მოწინააღმდეგენი იყვნენ. მათი გადმოსახლება ჩემი მიზანი არ ყოფილა, ამის თავი არც არავის აქვს, არც შესაბამისი პირობები არსებობს და არც ხელისუფლება, საზოგადოება არის ამისთვის მზად. ჩემი ამოცანა იყო, ამ შეკითხვის დასმით გამეგო, რამდენად აქვს საზოგადოებას გათავისებული საქართველოში შექმნილი უმძიმესი დემოგრაფიული ვითარება. პირდაპირ რომ დამეწერა, ჩვენ მძიმე დემოგრაფიული პრობლემები გვაქვს-მეთქი, ამას ყურადღებას არავინ მიაქცევდა. ხოლო, როცა ვიკითხე: ალავიტი ოჯახები ხომ არ ჩამოვასახლოთ-მეთქი, ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რითაც დავინახე, რომ საზოგადოებისთვის ეს ერთ-ერთი აქტუალური თემაა. სხვაგვარად, სახლში მყოფი ადამიანი ამ პრობლემას ვერ გრძნობს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, პოზიციას აფიქსირებს. ეს ერთგვარი ტესტია. მინდა, ავხსნა, რატომ ვახსენე ჯავახეთში ჩამოსახლება. მდგომარეობა მძიმეა. მშვიდად ყოფნის ფუფუნება არ გვაქვს! დაცლილ რეგიონებს თუ არ მივხედეთ, ცარიელ ტერიტორიებს სხვები შეავსებენ! სოფლები უკაცრიელ ნასახლარებად იქცა. სასაზღვრო რეგიონებში უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი, განსაკუთრებით კი, ჯავახეთში.
მინდა გაგახსენოთ, რა როლი შეასრულა მეხუთე კოლონამ ჯავახეთში ერთ-ერთი გამორჩეული კერის _ ბავშვთა სახლის დახურვაში. ეს ბავშვები იქვე რომ გაზრდილიყვნენ, დასახლებულიყვნენ, ესეც კი მოშალეს. მეხუთე კოლონა სწორედ აქეთ იყო მიმართული, რომ ჯავახეთში, დაცარიელებულ სასაზღვრო ტერიტორიებზე სახელმწიფო ეროვნული პოლიტიკა არ გატარდეს. ამიტომ ისეთ პირობებს ქმნიან, რომ ამ მწვავე საკითხზე არავინ ილაპარაკოს. მე არც თანამდებობა მაქვს, არც დიპლომატია მჭირდება, რათა ვინმემ პრობლემის წამოწევაში შემზღუდოს. იცით, რატომ წამოვწიე ეს საკითხი? მინდა, ამ დარგის უბადლო სპეციალისტის, პროფესორ ანზორ თოთაძის გაფრთხილება გავიმეორო, რასაც ყურადღება არავინ მიაქცია: საქართველო იმ ზღვარზე დგას, როცა ერი თვითაღდგენის უნარს კარგავსო. 2015 წელს 50-60 ათასამდე ბავშვი იბადებოდა, ახლა _ 30 ათასამდე იბადება. ქორწინებებმაც იკლო, ქართველი ერი დაბერდა. ასევე ხდება ქვეყნიდან მოსახლეობის დიდი რაოდენობით გადინება. დარწმუნებით არც კი ვიცით, რა ადამიანური რესურსები შემოგვრჩა და რა დროა ჩვენი ხალხის განკარგულებაში, რომ ეს ეროვნული პრობლემა დაიძლიოს, შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს და არ აღმოვჩნდეთ იმ ზღვარს მიღმა, როცა ერი აღდგენის უნარს დაკარგავს. საბჭოთა პერიოდის შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, წალკის რაიონში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის მასიური ჩასახლება შევძელით. ეს დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, ქართველების სხვა რეგიონში პირველი მასიური გადასახლება იყო.
მოდი, გავაანალიზოთ, რა ხდება ჯავახეთში, რომელიც სასაზღვრო რეგიონია. ზოგადად, სოფლები ყველგან დაცარიელებულია. მიგრანტების ძირითადი ნაწილი სახლებს ქალაქში ყიდულობს. თუკი ვინმე უკან დაბრუნდა, ქალაქში მოდის, ახალგაზრდობა, ვინც იქ ისწავლა, აქეთ აღარ ბრუნდება. შიდა რესურსი, ფაქტობრივად, არ გვაქვს.
ამიტომ, თუ გვინდა, ამ მიმართულებით წინ გავიხედოთ, ეროვნული პოლიტიკა უნდა გაგვაჩნდეს. ტერიტორია მაშინ არის შენი, როცა იქ შენი მოსახლეობა სახლობს და სახელმწიფოებრიობას აძლიერებს! რისთვის ვიბრძვით, ან რად გვინდა სიმდიდრე, ბიზნესი ან სხვა რაიმე ფასეულობა, თუკი ჩვენი ათასწლოვანი სამშობლო გაქრება და სხვა ტომთა ხელში გადავა! ამიტომ წამოვწიე ეს საკითხი. მალე გამოვაქვეყნებ მოსაზრებებს პრობლემის მოგვარების შესახებ. თანხების მოგროვება უნდა დავიწყოთ, ასევე, შესაქმნელია სახელმწიფო პროგრამა, გარდა ამისა, უნდა შეიქმნას ფონდი, რაშიც წვლილს კერძო პირებიც შეიტანენ. აქ ორი მიმართულებაა მნიშვნელოვანი _ სტრატეგიული, რათა დაცარიელებული ტერიტორიები, სოფლები შევავსოთ, საკარმიდამო ნაკვეთები შევიძინოთ, შევქმნათ ადგილობრივი რესურსების გამოყოფის სოციალური და კომუნალური სტრუქტურა. ამ პროგრამით ხალხი ადგილზე უნდა დავამაგროთ. ასე შესაძლებელი იქნება, ქალაქში მცხოვრები პირი სოფელში წავიდეს და ამ პროგრამის დახმარებით, მიწას მიხედოს. მაგალითად, კარგი იქნება, თუ იქ მიგრანტების დამაგრებას შევძლებთ. ანუ, ჩვენს სასაზღვრო რეგიონებში, ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე, სახელმწიფო პროგრამის დახმარებით ხალხი იქ დავამაგროთ, რათა ექსპანსია შევაჩეროთ. ასმილიონიან მეზობელს თავისი ინტერესი აქვს, ჩვენ ჩვენი უნდა განვახორციელოთ. საკმაოდ საშიში, სერიოზული საფრთხეა, რომ დაცარიელებული სასაზღვრო ტერიტორიები გვქონდეს. აი, ამიტომ წამოვწიე ეს თემა. კარგი იქნება, თუ დაცარიელებულ რეგიონებში მოსახლეობის დახმარება მეტად მოხდება. მნიშვნელოვანია საქართველოს მიწების დაცვა, რათა მას უცხოელები არ დაეპატრონონ. მთელი კომპლექსი უნდა აიგოს არა ვინმეს დასაჩაგრად, არამედ სახელმწიფოს გასაძლიერებლად. ადრე ჩვენი წინაპრები გადარჩენას ბრძოლით ახერხებდნენ. დღეს ბრძოლა არ გვაქვს და ისე ვქრებით. ამას შველა სჭირდება. ამიტომ ამ ტესტით შევეცადე, ეს თემა გამემწვავებინა. იმედი მაქვს, აქტიურობა არ შემცირდება. ვიმეორებ, რად გვინდა ვინმეს რაიმე, თუკი სამშობლო გაქრა. ეს ყველამ უნდა გავითავისოთ.- წყარო: ” საერთო გაზეთი”
თამარ შველიძე