“უვიზო რეჟიმს უკან წავიღებთ”
1 min read

“უვიზო რეჟიმს უკან წავიღებთ”

მეორე ფრონტი უვიზო მიმოსვლის ნაცვლად- რას კითხულობს ბრიუსელის მოთხოვნებში საქართველოს ხელისუფლება რა სურს ბრიუსელს და რა გეგმაზე საუბრობს “ქართული ოცნება”?

უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე?

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა დაადასტურა, რომ “საქართველოს ხელისუფლებას” გაეგზავნება წერილი და მიეცემა ვადა – აგვისტოს ბოლომდე. ამ ვადაში მან უნდა შეასრულოს ვიზის შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიშში ასახული რეკომენდაციები – გაწერილი 8 პუნქტში.

კალასმა პირველი პუნქტის მოთხოვნები წაიკითხა:

“საქართველოს მთავრობას აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, გაერთიანების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების ჩათვლით. პირადი ცხოვრების უფლება, საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და ასევე დისკრიმინაციის აკრძალვა”.

ევროკომისიის მე-7 ანგარიში 2024 წლის 6 დეკემბრით არის დათარიღებული. რეკომენდაციების 8-პუნქტიან სიაში ასევე ასახულია შემდეგი საკითხები:

  • ყველა იმ კანონმდებლობის გაუქმება, რომლებიც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ეწინააღმდეგება არადისკრიმინაციის პრინციპს და შესაბამის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს;
  • საქართველოს სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის ნუსხასთან – ვიზის საჭიროების მქონე მესამე ქვეყნების შესახებ; განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომელთაგანაც მომდინარეობს არალეგალური მიგრაცია ან ქმნიან უსაფრთხოების რისკებს ევროკავშირისთვის;
  • ქმედებების გააქტიურება ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის დაუსაბუთებელი მოთხოვნისა და არალეგალურად ყოფნის პრობლემების მოსაგვარებლად – უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიების წარმართვა და სასაზღვრო კონტროლის გაძლიერება;
  • აქტივების აღდგენის ოფისისა და აქტივების მართვის ოფისის შექმნა და ძალისხმევის გაგრძელება აქტივების მოკვლევის, გაყინვის, მართვის, კონფისკაციისა და ამოღების კუთხით;
  • ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება, შესაბამისი რესურსის გამოყოფა; განსაკუთრებული ყურადღების დათმობა მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების, სამართლებრივი დევნისა და განაჩენის გამოტანის პროცესში;
  • ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონის შეცვლა, ვენეციის კომისიის საკვანძო რეკომენდაციების შესაბამისად – განსაკუთრებით, ბიუროს ეფექტიან დამოუკიდებლობასთან, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან და ფუნქციებთან დაკავშირებით;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

რა მოხდება მას შემდეგ, თუკი “ქართული ოცნების” ხელისუფლება რეკომენდაციებს არ შეასრულებს?

“ამ დრომდე ჩვენი პოზიციაა, რომ არ გვსურს ზიანი მივაყენოთ ქართველ ხალხს და უკან წავიღოთ უვიზო რეჟიმი, რადგან ეს მართლაც მოახდენს ზეგავლენას მათზე. მაგრამ, ამავე დროს, ეს არის ასევე ევროკავშირის ავტორიტეტის საკითხი“, – უმაღლესი წარმომადგენელი განმარტავს, რომ შესაბამისი შედეგები მოჰყვება, როდესაც ქვეყანა ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლის პრივილეგიას იღებს, ხოლო ვალდებულებებს არ ასრულებს და მიღებული ზომებით საზოგადოებაც დაინახავს, რომ „მთავრობა არ დგას ევროპულ გზაზე და [ქვეყნის] კანდიდატის სტატუსს სერიოზულად არ აღიქვამს“.

კაია კალასმა ჯერ კიდევ შეხვედრის დაწყებამდე დაადასტურა, რომ უვიზო მიმოსვლის ბედი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეასრულებს თბილისი კონკრეტულ რეკომენდაციებს კონკრეტულ ვადაში.

“საქართველოს გავუგზავნით წერილს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით. ასე რომ, მათ ექნებათ გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებაც მოუწევთ და თუ ამ ვადაში ეს პირობები არ შესრულდა, უვიზო რეჟიმის შეჩერება მოგვიწევს”, – უთხრა კაია კალასმა ჟურნალისტებს.

რადიო თავისუფლებამ მალევე დააზუსტა, რომ წერილში მითითებული ვადა 31 აგვისტომდე განისაზღვრა.

შეხვედრის მიმდინარეობისას, რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა 5 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების წერილის შესახებ – რომელიც მათ ევროკავშირის ლიდერებს 14 ივლისს გაუგზავნეს.

წერილის ავტორების – ჩეხეთის, ესტონეთის, გერმანიის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების – შეთავაზებაა, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება შეეხოს “უპირატესად შერჩეულ ჯგუფებს საქართველოს თანამდებობის პირებს”, “ამას [ჯგუფებს] განსაზღვრავს ევროკომისია” და “ზიანი არ მიადგეს საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთბაშად”.

ამავე წერილში ხაზგასმულია აუცილებლობა – კარგად განიმარტოს როგორც თავად “ქართული ოცნებისთვის”, ასევე ქართველი ხალხისთვის, რომ ევროკომისიის მიერ განახლებული რეკომენდაციების შეუსრულებლობა გამოიწვევს უვიზო რეჟიმის შეწყვეტას და მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება “ქართული ოცნების” ხელისუფლებას.

წერილის ავტორები არიან ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუტის ბუდრისი.

 

ევროკავშირის შიდა დოკუმენტში, რომელიც რადიო თავისუფლებამ მინისტრების შეხვედრამდე მოიპოვა, მოცემულია “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ გადასადგმელი 5 მთავარი ნაბიჯი, რასაც ვითარების ნორმალურ კალაპოტში დაბრუნება შეუძლია:

1. რეპრესიების შეწყვეტა მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, მედიისა და ოპოზიციის წინააღმდეგ;

2. რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება;

3. უსამართლოდ დაპატიმრებულთა გათავისუფლება და პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობისთვის პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა;

4. ევროკავშირზე თავდასხმების შეწყვეტა;

5. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისა და დემოკრატიული პრინციპების მიმართ ერთგულების დადასტურება, არჩევნების შესახებ OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების საჩქაროდ შესრულების ჩათვლით.

“ქართული ოცნება” უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა, რომ “ვიზალიბერალიზაციის შესრულების ფუნდამენტი მყარია”, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას “არანაირი საფრთხე არ ემუქრება” და რომ ამ საკითხს ცალკეული ქვეყნები მხოლოდ “პოლიტიკურ იარაღად და შანტაჟად” იყენებენ. მანვე ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუკი ბრიუსელიდან წერილს მიიღებენ, ყურადღებით გაეცნობიან.

“დიალოგისთვის მზად ვართ, თუმცა საუბარი უნდა იყოს არა ხელის გადაგრეხით, კონკრეტული არგუმენტებით უნდა ვისაუბროთ, სად არის პრობლემა და რა შეიძლება ხელისუფლებამ გააკეთოს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ საკითხს რაიმე რეალური საფრთხე არ შეექმნას. ყოველთვის იქნებიან სახელმწიფოები, რომლებიც ამ საკითხს პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებენ. ჩვენი მთავარი მიზანია, საკითხს საფრთხე არ შეექმნას“.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია ამ ყველაფრის უკან ისევ ე.წ. დიპ სტეიტს ხედავს.

„ეს არის ის უსამართლო ინსტრუმენტი მათ ხელში, იმ არარჩეული ბიუროკრატების, იმ ე.წ. დიფ სთეითის მიერ ხელდასხმული პოლიტიკოსების, რომელი ინსტრუმენტის გამოყენებაც ვნახეთ – ყველას კარგად გვახსოვს კანდიდატის სტატუსის მინიჭების დაგვიანება, შემდეგ მოლაპარაკებების არგახსნა, ეს ყველაფერი ხომ არის ამ არარჩეული ბიუროკრატების ხელში ბოროტი ინსტრუმენტი”.

” საქართველომ დემოკრატიის გზიდან მკვეთრად გადაუხვია. “ჩვენ ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში”, “საქართველოს ხელისუფლების ქმედებები საფრთხეს უქმნიან ევროკავშირის გზას”, “ამ გზის გაგრძელება ნიშნავს ისტორიული შესაძლებლობის დაკარგვას, [საქართველო] გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი”, „პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას“ და დამატებითი ზომების მიღება აუცილებელია საქართველოს დემოკრატიის გადასარჩენად”- ევროპარლამენტარების ამ განცხადებას საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე სამარცხვინოს უწოდებს.

  • უვიზო მიმოსვლის შეჩერებას კვალიფიციური უმრავლესობა [15 წევრი] სჭირდება. წინასწარი ცნობებით, საკითხის გასატანად საჭირო ხმების მოგროვება ძნელი არ იქნება.

ფაცრცელებული ინფორმაციით,ვროკავშირის ელჩების შეხვედრაზე, უვიზო მიმოსვლის შეჩერების ინიციატივა შვედეთმა წამოაყენა და კიდევ ხუთმა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, ამ საკითხის სერიოზულად განხილვის შესახებ. ესენი არიან: დანია, პოლონეთი, ლიეტუვა, საფრანგეთი და ესტონეთი. წინააღმდეგ წავიდნენ სლოვენია და საბერძნეთი. მათ მიუთითეს, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმება ტურისტული ვიზიტებისთვის მხოლოდ „უკიდურეს შემთხვევაში“ უნდა გამოიყენონ „საქართველოს ჩვეულებრივ მოქალაქეებზე მისი სავარაუდო უარყოფითი გავლენის გათვალისწინებით“.

წყარო:”რადიო თავისუფლება”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *