„ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო- რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი”
27
,,მე ჟიული შარტავა ვარ და არსად წამსვლელი არ ვარ. სოხუმს არ მივატოვებ”
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა…
,,ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია.
ისეთი ბიჭები იხ’ოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო.
რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი”-ამბობდა ჟიული შარტავა,საქართველოს ეროვნული გმირი.
ჟიული შარტავა ბოლო წუთამდე მინისტრთა საბჭოს შენობაში იმყოფებოდა, ის სეპარატისტებმა შენობიდან გამოიყვანეს და დახვრიტეს.

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა – ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, ზუსტად 32 წლის წინ, სოხუმის დაცემით დასრულდა. სხვადასხვა მონაცემით, ომმა 10-დან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირი იმსხვერპლა. საკუთარ ქვეყანაში დევნილად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იქცა.
**
შეიარაღებული კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფო საბჭომ გახშირებული ყაჩაღობისგან რკინიგზის სოჭი-ინგირის მონაკვეთის დასაცავად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმებით, შინაგანი ჯარის დამატებითი ძალები გაგზავნა.
შეთანხმების მიუხედავად, სეპარატისტებმა შინაგანი ჯარის დანაყოფს ოჩამჩირესა და გულრიფშში ცეცხლი გაუხსნეს. ასე დაიწყო აფხაზეთის ომი.
საქართველო ამ ომში დამარცხდა, რადგანაც აფხაზეთის მხარეს იბრძოდა რუსეთი. სოხუმის დაცემის შემდეგ ქალაქში
შემოსულმა სეპარატისტებმა ადგილობრივი მთავრობის წევრები: ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა, რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს,
მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს, ჟურნალისტი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს პრესსამსახურის უფროსი ალექსანდრე ბერულავა კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
რავალწლიანი მოლაპარაკებებისა და გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუციების მიუხედავად, კონფლიქტი ისევ მოუგვარებელია
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აფხაზეთში ეთნიკური წმენდის ფაქტია აღიარებული.თუმცა აფხაზეთი რუსეთმა აღიარა როგორც სახელმწიფო. დღემდე ოკუპირებულია სამაჩაბლოც.
სამაჩაბლოც და აფხაზეთიც რუსეთმა ასოცირებულ წევრებად მიიღო. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთის ხელშია, მაგრამ რუსეთს არ სურს საქაღტველოს დეოკუპაცია.


ეს ქალბატონები დაღუპული მეომრების დედები არიან და დაღუპული შვილების სახელს ეძებენ, გმირთა მოედანზე აღმართულ მემორიალურ დაფაზე.
*** რაღაც საშინელი სიჩუმე ჩამოვარდა, 27 სექტემბერის საღამო იყო, არავითარი ინფორმაცია, ტელევიზიაც საეჭვოდ დუმდა..
თავდაცვის სამინისტროს პრესამსახურში რამდენიმე ჟურნალისტი ვმორიგეობდით.
რა ხდებოდა ომის ხაზზე არავინ იცოდა.
მოსაღამოვდა, 7 საათისთვის ყველა ტელეფონი ერთად რეკავდა და
მხოლოდ ერთი საშინელი სიტყვა ისმოდა- სოხუმი დაეცა, სოხუმი დაეცა…
სულ რაღაც ერთ საათში,მეომრების დედები თავდაცვის სამინისტროს შენობას მოაწყდნენ,ძალიან ძნელი იყო მათთან საუბარი ან რა უნდა გვეთქვა..
არასოდეს დამავიწყდება დედების შეშინებული თვალები,ყველა მათგანს აინტერესებდა გადარჩა თუ არა მისი შვილი.
როცა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დაღუპულთა სიები გამოაკრეს სამინისტროს შენობაში,
მაშინ მთლად საშინელება ხდებოდა, სიაში ეძებდნენ დაკარგულ თუ დაღუპულ შვილებს.
დედა, რომელიც, შვილს დაღუპულთა სიაში იპოვიდა, რაღაც არაადამიანურად ღმუოდა.
თითქოს დღესაც ჩამესმის დედების არაადამიანური ქვითინის ხმა, გახსენებაც არ მინდა..
მერედა, იცით რა ბიჭები დაიღუპნენ აფხაზეთში ?
სულ ნარჩევი, საჯიშე ბიჭები, ოცი-ოცდაორი წლის.
სოხუმის თვითმფრინავში ადგილი რომ არ იყო, დაღუპული ბიჭების ცხედრები ერთმანეთზე ელაგა…თითქოს ყველამ ერთად გაიყო უკვდავებისა სამარე.
მეც იმ თვითმფრინაით ვმგზავრობდი, რითაც დაღუპული ბიჭები გადმოჰყავდათ.
იმ დღის გახსენებაც მზარავს…
მაშინ ჩვენს გმირებს სჯეროდათ, რომ აფხაზეთი არასოდეს მოწყდებოდა საქართველოს.
1 წელი და 3 თვე, ბოლომდე გმირულად იბრძოლეს ბიჭებმა და შეეწირენ კიდევაც ამ უსამართლო ომს.
ალბათ, ოდესმე დადგება დრო, როცა ძირძველ ქართულ მიწას- აფხაზეთს დავიბრუნებთ და დაღუპულთა სულები გაიხარებენ.
ეთერ ბალაძე
