ფიზიკური პირის ქონების გადასახადი- ვის შეეხება ქონების გადასახადი
თუმცა მოგეხსენებათ ფიზიკური პირის გადასახადი უფრო კონკრეტულად განიხილება ასე.
შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი თინათინ გოგრიჭიანი ხაზს უსვამს, რომ ქონების გადასახადის გადახდა “არ არის საკანონმდებლო სიახლე და ქონების გადასახადის წარდგენა ამ წესით ხდება ბოლო ორი ათეული წელია. ამასთან დაკავშირებით, არ მომხდარა არც განაკვეთის ცვლილება, არც დასაბეგრი ობიექტის ცვლილება ან 40 000-ლარიანი ზღვარის გაანაგარიშების წესი”.
ვინ იხდის ქონების გადასახადს
ფიზიკური პირის ქონების გადასახადი ეხება ფიზიკურ პირებს, მათ შორის, მეწარმეებს. ისინი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა ფლობდნენ დასაბეგრ ქონებას და მათი ოჯახის მიერ 2024 წლის განმავლობაში მიღებული საერთო შემოსავალი აჭარბებდეს 40 000 ლარს. ან, იმ შემთხვევაში, თუ პირი ფლობს დასაბეგრ მიწას, მაშინ მიღებულ შემოსავალს მნიშვნელობა არ აქვს.
თუ პირის ოჯახის წლიური შემოსავალი აღემატება 40 000 ლარს, მაგრამ არ ფლობს არც ქონებას და არც დასაბეგრ მიწას, მას დეკლარაციის შევსება არ უწევს.
თუ ოჯახის ორ ან ორზე მეტ წევრს აქვს დასაბეგრი ქონება, ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან წევრს შეუძლია, წარადგინოს ქონების გადასახადის ერთიანი (საოჯახო) წლიური დეკლარაცია, რომელშიც მითითებულია ოჯახის ყველა წევრი და მათი დასაბეგრი ქონება/მიწა.
რა არის დასაბეგრი მიწა
შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ცნობით, თუ პირველი აპრილის მდგომარეობით ფლობთ მიწას – სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო და ტყის მიწა, ის იბეგრება. თინათინ გოგრიჭიანი აღნიშნავს, რომ იგულისხმება “ნებისმიერი ტიპის მიწა”, გარდა უძრავი ქონებისა და შენობა-ნაგებობისა, რომელიც უკვე დასაბეგრ ქონებაში გადის.
- 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული მიწა;
- სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს ფიზიკური პირი;
- გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც ფლობს ან რომლითაც სარგებლობს ფიზიკური პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
რა არის დასაბეგრი ქონება
შედის ნებისმიერი უძრავი ქონება, მათ შორის დაუმთავრებელი მშენებლობა. ასევე, მოძრავი ქონება – შვეულმფრენი, თვითმფრინავი, იახტა, კატარღა, ავტომობილი.
- 2024 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი), იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები და საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრული მსუბუქი ავტომობილები (არ შედის მოტოციკლი და მოპედი);
- არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონება;
- ეკონომიკური საქმიანობის შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონება;
- გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული ქონება, რომელსაც ფლობს ან რომლითაც სარგებლობს ფიზიკური პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქონებით სარგებლობა ხდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
რა სახის შემოსავალი უნდა შეიტანოს პირმა მისი და ოჯახის მიერ მიღებულ შემოსავლებში?
შემოსავლების სამსახურის ცნობით, პირის და ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შედის ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, კერძოდ:
- ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, ამასთან, მცირე ბიზნესის სტატუსის ქონის შემთხვევაში – მცირე ბიზნესით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25%
- ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან (მათ შორის, სახელმწიფო პენსია).
- დარიცხული (და არა ხელზე მისაღები) ხელფასი.
ითვლება თუ არა ფულადი გზავნილები შემოსავლად
შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თქმით, თუ საქართველოს მოქალაქე ოჯახის წევრი არის წასული საზღვარგარეთ და იქ იღებს შემოსავალს, რომელსაც ფულადი გზავნილის სახით უგზავნის ისევ ოჯახის წევრს, ასეთი შემოსავალი 40 000-ლარიან ზღვარის გაანგარიშებაში არ ითვლება.
“თუმცა, თუ ამ ფიზიკურ პირს საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია დასაბეგრი ქონება, ამ შემთხვევაში ქონების საოჯახო დეკლარაციაში ამ პირის ქონებაც ჩაითვლება და აისახება. გამომდინარე იქიდან, რომ მე, როგორც დეკლარანტმა, ის პირი განვსაზღვრე, როგორც ოჯახის წევრი.
ოჯახის წევრთან მიმართებით არის საგამონაკლისო შეღავათი – ოჯახის წევრის მიერ ოჯახის წევრისთვის ჩუქებით, მემკვიდრეობით ან განქორწინების შედეგად მიღებული ქონების ღირებულება და ქონების ღირებულებაში იგულისხმება ფულადი გზავნილიც, არ შეიყვანება 40 000-ლარიანი ზღვრის გაანგარიშებაში” – ამბობს გოგრიჭიანი.
ამასთან, ემიგრანტებზე საუბრისას შემოსავლების სამსახურის სპეციალისტი ხაზს უსვამს, რომ თუ საქართველოს მოქალაქე წასულია სხვა ქვეყანაში სამუშაოდ, მისი შემოსავლები ანგარიშდება მხოლოდ საქართველოში მიღებული შემოსავლიდან.
“თუ ის რამე შემოსავალს ან სარგებელს იღებს სხვა ქვეყანაში დასაქმებიდან, ამ შემთხვევაში, ის 40 000-ლარიანი ზღვარის გაანგარიშებაში არ გაითვალისწინება, ეს არის გამონაკლისი, რომელსაც კანონი უშვებს კონკრეტულად მოქალაქე არარეზიდენტებთან დაკავშირებით.
რუსთავი 2-ის წამყვანების კითხვაზე, “მაგალითად, დაბადების დღეზე თუ ფული შემიგროვეს და საჩუქრად ჩამირიცხეს, ითვლება თუ არა შემოსავლად?”, მეთოდოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი პასუხობს, რომ “ნებისმიერი სარგებელი, რომელიც ასევე არაეკონომიკურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული, ისიც ითვლება სარგებლად”.
შემოსავალში არ შეიტანება:
- ოჯახის წევრებისგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება;
- ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;
- იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;
- ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;
- სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირიდან საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში მიღებული სარგებელი;
- მკურნალობის ან/და სამედიცინო მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად საქველმოქმედო ორგანიზაციიდან მიღებული სარგებელი;
- დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებელი.
ვინ არის ოჯახის წევრი
კანონმდებლობით, უპირობო ოჯახის წევრია პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი. ამის შემდეგ, თავად დეკლარანტი განსაზღვრავს, ვინ არის მისი ოჯახის წევრი, იქიდან გამომდინარე, ვინ ცხოვრობს მასთან ერთად მუდმივად – მშობელი, სრულწლოვანი შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, ბაბუა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან.
“შეგიძლიათ, დედა ან მშობელი არ ჩათვალოთ ოჯახის წევრად თუ არ არის მუდმივად მცხოვრები და არ ეწევით მასთან ერთად საერთო მეურნეობას” – ამბობს თინათინ გოგრიჭიანი.
როგორ ანგარიშდება ფიზიკური პირის ქონების გადასახადი?
ქონების გადასახადი გამოიანგარიშება პირის მიერ წარდგენილ დეკლარაციაში ასახული მონაცემების საფუძველზე. კერძოდ, დასაბეგრი ქონება აისახება საბაზრო ღირებულებით, ხოლო დასაბეგრი მიწა – ფართობის მიხედვით (არასასოფლო-სამეურნეო – კვ.მ-ებში, ხოლო სასოფლო-სამეურნეო – ჰექტრებში).
დასაბეგრი ქონების ღირებულება ფიზიკურმა პირმა შესაძლოა თავად განსაზღვროს შესაძლო სარეალიზაციო ფასიდან გამომდინარე. ასევე, შეუძლია ინფორმაცია საბაზრო ფასების შესახებ მოიძიოს სხვადასხვა საინფორმაციო წყაროან, ან შეაფასებინოს შესაბამის უფლებამოსილ პირს.
როგორ იბეგრება ფიზიკური პირის ქონება?
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
- 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
- 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
რა ხდება, თუ პირმა არ იცის, რომ მისი ოჯახის შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება ან სხვა მიზეზით არ წარადგინა დეკლარაცია
შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თქმით, მათ დააიდენტიფიცირეს დაახლოებით 300 000 გადასახადის გადამხდელი, რომლის შემოსავალიც აღემატებოდა 40 000 ლარს. თინათინ გოგრიჭიანის თქმით, მათ უკვე დაუგზავნეს საინფორმაციო ტექსტური შეტყობინებები.
“ეს ადამიანები შესაძლოა, მანამდე არ ავსებდნენ დეკლარაციას ან შესაძლოა, უკვე ჰქონდეთ დეკლარაცია წარდგენილი… მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ ამ შეტყობინებებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გადაამოწმონ, უწევთ თუ არა ქონების გადასახადის გადახდა” – ამბობს ის.
თუ ფიზიკურმა პირმა საგადასახადო დეკლარაციია არ წარადგინა, ის დაჯარიმდება ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5%-ის ოდენობით, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს არ აღემატება. იმ შემთხვევაში, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს აღემატება, პირი დაჯარიმდება ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10%-ით.
