„გვაქვს ამბიციური გეგმა, ავაშენოთ ანაკლიის პორტი“-ირაკლი კობახიძე
1 min read

„გვაქვს ამბიციური გეგმა, ავაშენოთ ანაკლიის პორტი“-ირაკლი კობახიძე

„ერთი წლის წინ შეიცვალა საქართველოს რკინიგზაში მთლიანად მენეჯმენტი და აქედან, საფუძველი ჩაეყარა მთელ რიგ რეფორმებს, ცვლილებებს, რომლებმაც უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგები ამ ერთი წლის განმავლობაში,“-საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა  ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ზოგადად, ხაზი უნდა გავუსვათ დაკავშირებადობის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება სხვადასხვა კუთხით. მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება ჩქაროსნული მაგისტრალების განვითარებისთვის და 2030 წლისთვის უკვე პრაქტიკულად ყველა უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი იქნება აშენებული.

აეროპორტების მიმართულებით გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები. მნიშვნელოვნად ფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები და ასევე 2031 წელს თბილისს ექნება სრულიად ახალი, საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც შეძლებს, უმასპინძლოს წელიწადში დაახლოებით 18 მლნ მგზავრს, რაც მნიშვნელოვანია როგორც დაკავშირებადობის განვითარების, ასევე ჩვენი ტურისტული პოტენციალის უკეთ ათვისების თვალსაზრისით.

გვაქვს ამბიციური გეგმა, ავაშენოთ ანაკლიის პორტი, რაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული ობიექტი და რაც ასევე ხელს შეუწყობს დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას. ამ ყველაფერში რკინიგზის განვითარებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა.

სწორედ ამიტომ, მთავრობის განსაკუთრებული ყურადღების საგანია საქართველოს რკინიგზის განვითარებაზე ზრუნვა, ყველა ის ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასთან, განვითარდება.

ეს ეხება როგორც ფოთის პორტს, ისე ახალ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს. ყველა მიმართულებით გვექნება ცვლილებები, გვექნება განახლება, განვითარება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. ყველა მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ“- განაცხადა პრემიერმა  ირაკლი კობახიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *