„მე არ ჩამომიყვანია ივანიშვილი, ამას მაინც ნუ შემომტენით, შევარდნაძის დროს ჩამოვიდა, მე რომ მოვედი პრეზიდენტად, უკვე ის სასახლე დამთავრებული ჰქონდა და იქ იყო მომჯდარი“
„მე არ ჩამომიყვანია ივანიშვილი, ამას მაინც ნუ შემომტენით, შევარდნაძის დროს ჩამოვიდა, მე რომ მოვედი პრეზიდენტად, უკვე ის სასახლე დამთავრებული ჰქონდა და იქ იყო მომჯდარი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც 7 ნოემბრის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
„თქვენ გახსოვთ, რომ ერთი პოლიტიკოსი მაინც ყოფილიყო ჩემს დროს ციხეში? ამას წინათ, დედაჩემს ერთმა „ტაქსისტმა“, რომელიც უკმაყოფილო იყო თავისი სოციალური მდგომარეობით, რომ წამლებისთვის 200 ლარი ვერ იშოვა, უთხრა, სააკაშვილმა ჩამოიყვანა ივანიშვილიო. მე არ ჩამომიყვანია ივანიშვილი, ამას მაინც ნუ შემომტენით, შევარდნაძის დროს ჩამოვიდა, მე რომ მოვედი პრეზიდენტად, უკვე ის სასახლე დამთავრებული ჰქონდა და უკვე იქ იყო მომჯდარი. როცა მე მიმითითებენ მის მრავალრიცხოვან კავშირზე მოსკოვთან, როცა მიმითითებენ მის კანონდარღვევებზე, მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი მისი სისხლისსამართლებრივი დევნის, თუმცა, უკვე ნიშნები იყო, რომ ის აუცილებლად შემოვიდოდა პოლიტიკაში. არის ეს ჩემი ბრალეულობა? არ არის, რადგან მიმაჩნია, რომ ქართველი ხალხი თვითონ გადაწყვეტს… მე კატეგორიულად დავბლოკე მათ შორის, ივანიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, ქართველი ხალხის გადასაწყვეტი იყო ეს საკითხი და გადაწყდა ისე, როგორც გადაწყდა. ეს ხომ გუშინ არ დაწყებულა, თავს რატომ ვიტყუებთ? ბიბლიოთეკასთან რომ სცემეს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი, მაგალითად, ნანა ბაბუნიძე, ლოგინად იყო იმ ცემის შემდეგ, ის, რომ უამრავ ადამიანზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, ის, რომ ჩემზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს სრულიად გამოგონილი მიზეზებით, ამაზე ხმა არავინ ამოიღო. საკრებულოებიდან მასობრივად გამოყარეს ხალხი, ის, რომ ომის მონაწილეთა სიები რუსებს გადასცეს, ეს ყველაფერი გუშინ და ბოლო 3 წელიწადში მოხდა? – არა, ეს ყველაფერი თავიდანვე მოხდა და თავს ნუ მოვიტყუებთ, ახლა მაინც ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში. მე ჩამოვედი აქ, ჩემი სიცოცხლე საფრთხეში ჩავაგდე, რადგან ვიცოდი, რომ ამჯერად საბოლოოდ ვკარგავდით ჩვენს ქვეყანას…
ყველაფერი დაბრუნდება, მაგრამ ამისათვის საჭიროა ბრძოლა, თავდადება, მე ჩემი წილი თავდადება და ჩემი წილი ბრძოლა უკვე გაჩვენეთ“ – განაცხადა სააკაშვილმა.