დონალდ ტრამპი 20%-იან ტარიფებს უწესებს იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც გრენლანდიის აშშ-ისთვის გადაცემის საკითხს ეწინააღმდეგება
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ 1-ელი თებერვლიდან 20%-იანი ტარიფები დაუწესდებათ იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც გრენლანდიის აშშ-ისთვის გადაცემის საკითხში მას ეწინააღმდეგება.
💬 „ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში სუბსიდირებას ვუწევდით დანიას, ევროკავშირის ყველა ქვეყანასა და სხვებს იმით, რომ მათთვის არ დაგვიწესებია ტარიფები ან ანაზღაურების სხვა ფორმები. ახლა, საუკუნეების შემდეგ, დადგა დრო, დანიამ ვალი დააბრუნოს — სასწორზე მსოფლიო მშვიდობა დევს! ჩინეთსა და რუსეთს გრენლანდია სურთ და დანიას ამის წინააღმდეგ არაფრის გაკეთება არ შეუძლია. მათ ამჟამად დასაცავად მხოლოდ ორი ძაღლის მარხილი ჰყავთ, რომელთაგან ერთი ცოტა ხნის წინ დაემატათ. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, შეუძლია ამ თამაშში მონაწილეობა და თანაც ძალიან წარმატებით! ამ წმინდა მიწას ხელს ვერავინ შეახებს, მით უმეტეს, რომ საფრთხის ქვეშაა ამერიკის შეერთებული შტატებისა და მთელი მსოფლიოს ეროვნული უსაფრთხოება.
ყოველივე ამასთან ერთად, დანია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და ფინეთი გაურკვეველი მიზნებით გაემგზავრნენ გრენლანდიაში. ეს არის ძალიან სახიფათო სიტუაცია ჩვენი პლანეტის უსაფრთხოების, დაცულობისა და გადარჩენისთვის. ამ ქვეყნებმა, რომლებიც ამ ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობენ, რისკი ისეთ დონეზე აიყვანეს, რაც გაუმართლებელი და გაუსაძლისია. აქედან გამომდინარე, გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელია მკაცრი ზომების მიღება, რათა ეს პოტენციურად სახიფათო სიტუაცია სწრაფად და უპირობოდ დასრულდეს.
2026 წლის 1 თებერვლიდან, ზემოხსენებულ ყველა ქვეყანას (დანია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და ფინეთი) დაეწესება 10%-იანი ტარიფი ნებისმიერ საქონელზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიგზავნება. 2026 წლის 1 ივნისს ტარიფი 25%-მდე გაიზრდება. ეს ტარიფი ძალაში იქნება მანამ, სანამ არ მიიღწევა შეთანხმება გრენლანდიის სრული და მთლიანი შესყიდვის შესახებ“, — წერს დონალდ ტრამპი
