„ჰოე, ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი,რას ვერ მპოულობთ,სად მეძებთ?”
ნაციონალი გივი თარგამაძე, რომელიც ქვეყანაში არ იმყოფება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ჰოე, ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი საქოცეთი, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული დამტრიალებთ თავს, დღეს გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩასასხდომი ბარათები თორმეტჯერ გადაიღეს და რას მატრაბაზობთ, რას ვერ მპოულობთ, სად მეძებთ, რა მედიას და ახლობლებს თხოვთ, ეგებ გააგებინოთო. და მეგობრებს რას მიწიოკებთ, გიენებო? დაშოშმინდით. თუ ძაან გეჩქარებათ, მაგ მედიის, ან, ახლობლების, ან, სულაც, საფოსტო მტრედების საშუალებით გამომიგზავნეთ კითხვები და მასევე გამოგიგზავნით პასუხებს. ალბათ, იქით კითხვებსაც. ან კიდევ, მოითმინეთ, დამელოდეთ, დამელოდეთ, როგორც თქვენი გლუვი იტყოდა, დამელოდეთ და მერე ჩამასრულებინეთ. თუ იმედი გაქვთ, არ ჩამოვალ – ოლოლო! ჩემდა თავად, თქვენგან გამქცევი იყოს მათიკაშვილი” – წერს თარგამაძე.
ამავე პოსტში თარგამაძე პრობაციის ეროვნული სააგენტოს იმ წერილს აქვეყნებს, რომელშიც მისი მიმართვის საპასუხოდ, წერია, რომ მას უფლება აქვს დატოვოს „საქართველოს ტერიტორია თბილისია პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე”.
დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაპირველად პროსახელისუფლეობო მედიებს გაუგზავნა განცხადება, სადაც ეწერა, რომ გივი თარგამაძე სუს-ში იყო დაბარებული, თუმცა ტელეფონი გათიშული ჰქონდა და სუს-ი იმედოვნებდა, რომ მედიასაშუალებებიდან შეიტყობდა ან გადასცემდნენ მას ინფორმაციას დაბარების თაობაზე, მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
