საგანგაშო სტატისტიკა,ყოველდღე ნარკოტიკის ზედოზირებით იხოცებიან ახალგაზრდები”-ჩემს თაობას დამმარხავი არ ეყოლება, არა თუ საქართველოს -პატრონი”
რაც დღეს საქართველოში ხდება ნამდვილად საგანგაშოა.
დროა, განგაშის ზარები შემოვკრათ,ყოველდღე ახალგაზრდები იღუპებიან,განმკითხავი კი არავინაა.
ხელისუფლება კი ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაცვლილთა ოფიცალურ მონაცემებს მალავს.
ან რა რეფორმა ტარდება,რომელსაც ჯერ შედეგი არ მოჰყოლია. მეტადონის პროგრამით ისევ ზედა ეშელონდბში მოითბეს ხელი.
ნადგურდება საქართველოს გენოფონდი.
რატომ არ არის ეფექტური ნარკოტიკთან ბრძოლა?
საჩვენებელ სპეცოპერაციებს და ნარკოტიკის ამოღებას,ჯერ შედეგი არ მოუტანია?
ვინ ლობირებს ნარკობიზნესს საქართველოში?
საზოგადოებამ ხმა უნდა აიმაღლოს და მოსთოვოს ხელისუფლებას ნარკოდანაშაულთან ეფქტური ბრძოლა.
აი რას ამბობენ სასოწარკვეთილი მშობლები:
“ჩვეულებრივად დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა. ძალიან ბევრი ჩემნაირი მშობელი მწერს, მსგავსი, ანალოგიური სიტუაცია აქვთ. მოვიდა, დაიძინა, ვეღარ გაიღვიძა იმიტომ, რომ ეს წამალი ჰქონდა მიღებული, ძილის დროს გული აუჩქარდა და გაუსკდა. ყველა იყო მძინარე, ვისაც ეს დაემართა“ – აზა წილოსანს ჩაქვთან ახლოს, სოფელ ხალას სასაფლაოზე, შვილის საფლავზე შევხვდით. გიორგი 17 წლის იყო. ბოლო ზარიდან 20 დღე იყო გასული და მხოლოდ 10 დღე მას შემდეგ, რაც დედა სამუშაოდ უცხოეთში, ემიგრაციაში გაემგზავრა.
„წავალო, ძილში გამოვალო. დაწვა და ბევრს მოუვიდა ეგრე, ძილში გაიპარა. სახლში ვარ. ღამის პირველი საათია და მირეკავს ჩემი შვილი, დათო აღარ არისო. რომ მივედი, ვერც შეამჩნევდი, გარდაცვლილი თუ იყო. ცალ ხელში ჯვარი ეჭირა და მეორე თავქვეშ ჰქონდა ამოდებული“ – გია ყრუაშვილმა ის საშინელი დღე ავჭალის სასაფლაოზე გაიხსენა. დათო 22 წლის იყო. სიკვდილის წინ თავი შეუძლოდ იგრძნო, მაგრამ მეგობრებს სასწრაფოს გამოძახებაზე უარი უთხრა:
„პოლიცია რომ იგებს, ცუდად არის, არანაირი მკურნალობა, გადაჰყავთ ზაჰესში, წინასწარი დაკავების იზოლატორში. დახმარების მაგივრად უფრო წუმპეში აგდებენ. ჯერ იზოლატორი, მერე სასამართლო, მისცემენ პირობითს, გირაოს 15 000 ლარს. წარმოგიდგენია, რას უშვებიან?!“ – რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შედეგია გაუთავებელი თავზარდამცემი ცნობები ახალგაზრდების ზედოზირებით გარდაცვალების შესახებ.
გია ყრუაშვილი: „სამხარაულის ბიუროში რიგში 5 მშობელი ვიდექით. ერთ ღამეში 17, 18, 19, 22 და 23 წლის ბიჭების გვამები წამოვიღეთ იქიდან შავი ცელოფნის პარკებით“.
აზა წილოსანი: „გიორგის გარდაცვალების მე-9 დღეს ანალოგიურად 27 წლის მძინარე ბიჭი ნახა მამამ საწოლში გარდაცვლილი, იგივე ვითარებით, როგორიც გიორგის სიტუაცია იყო. იმავე დღეებში ქობულეთში მოხდა 2 შემთხვევა და ბათუმშიც. ეს ხომ არ გახმაურებულა, როგორც ჩემი შვილის სიკვდილი. რაც არ ვიცით… ასეთი არის უამრავი. კატასტროფული მდგომარეობაა. დღეში ალბათ 5 ახალგაზრდა კვდება მინიმუმ“.
შინაგან საქმეთა სამინისტრო თითქმის ყოველდღე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილები დააკავეს. მაგრამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არასოდეს აქვეყნებს სტატისტიკას, როგორია სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რამდენი ადამიანი იღუპება ნარკოტიკული საშუალებების ჭარბის დოზით – ზედოზირებით. ამ ინფორმაციის მოთხოვნით ჩვენ შინაგან და ჯანდაცვის სამინისტროებს მივმართეთ. პასუხი ვერ მივიღეთ.
ოჯახები, რომლებიც შვილების მკვლელებს ეძებენ, პოლიციისგან მხოლოდ გულგრილობას და ბიუროკრატიულ ბარიერებს ხვდებიან.
„ბიზნესით გვიკლავენ ახალგაზრდებს. ეს სიტუაციაა საქართველოში. პოლიცია არ ინტერესდება. დღემდე, კვირაში ერთხელ მაინც მივდივარ პოლიციაში, რათა გავიგო სიტუაცია ჩემი შვილის გარდაცვალების საქმეზე. ერთი წელი ხდება და ტელეფონიც კი არ დაუბრუნებიათ, არ გაუხსნიათ საერთოდ. ადვოკატიც ავიყვანე, მაგრამ ვერაფერს გავხდი“, – გვიყვება აზა წილოსანი და არასრულწლოვანი შვილის გარდაცვალების დღეს იხსენებს: „ჩემი შვილი ქობულეთში იყო. იქიდან საღამოს წამოვიდა. დავინტერესდი, რით წამოვიდა. ხომ შეიძლება ამოიღო კამერები და ნახო, ამდენი საშუალებაა. პოლიციას კამერების ჩანაწერებიც ვერ ამოვაღებინე. ფაქტი მაქვს, რომ კონკრეტულმა პირმა ჩემს შვილს ნამდვილად მისცა ეს წამალი – არაერთი ფაქტი, ვიდეო, სატელეფონო მიმოწერა, სადაც გიორგი ეუბნება მის შეყვარებულს, რომ როდესაც ეს გავიცანი, ჩემი ცხოვრება მაშინ დაინგრაო. უამრავი ფაქტის მიუხედავად, არაფერი გააკეთა პოლიციამ. მუქარის შეტყობინებაც კი გადავეცი გამომძიებელს, სადაც ის პირი ჩემს არასრულწლოვან შვილს აჩვენებს, რომ მოსაწევი აქვს „ალფა პვპ“ და მოდი, გამომიარე, მოგაწევინებო. ჩემი შვილი გარეთ არ გადიოდა და ღამით დაემუქრა, თუ არ გამოხვალ, მანქანაზე საბურავები აღარ დაგხვდებაო“.
ჩაქვის პოლიციის განყოფილებაში ჩვენც მივედით იმის გასაგებად, რატომ არ აქვს გიორგის დედას ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი, რა ეტაპზეა საქმის გამოძიება, მაგრამ იქ ტრადიციული პასუხი გაგვცეს – პრეს-ცენტრს მიმართეთ.
გია ყრუაშვილი: „დამარბენინებენ, მათხოვარი გამხადეს იმაზე, რომ ექსპერტიზის პასუხი მივიღო და კიდევ ის გავიგო, კონკრეტულად ვინ მისცა ამ ბავშვს ვარკეთილის მეტროსთან წამალი. ამ ბავშვის გარდაცვალების მიზეზს დიდი კითხვის ნიშნები არ სჭირდება. მობილურშია ყველაფერი, ვისთან ჩავიდა, ვის გამოართვა, ვინ მისცა.
როცა ხელისუფლებას დასჭირდა, ცხონებული ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება ნარკოტიკს დაკავშირებოდა, აქციაზე მისი ცემა რომ გადაფარულიყო, ერთ დღეში იქნა გამოძიებული ყველაფერი – როგორ წავიდა, სად წავიდა, თუმცა ის ფაქტი, სად იყიდა იმ ბიჭმა, ბოლოდე მაინც არ აჩვენეს. შენ როცა გინდა ნარკომანად გამოიყვანო, ეცი და ერთ დღეში გამოიძიე… ჩვენ რა დავაშავეთ, ამ ხალხმა? ან ეს ანგელოზივით შვილიშვილი რაღას დამიჩეხეს ექსპერტიზისთვის, თუ არ იძიებდნენ“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მყისიერი რეაქცია აქვს, როდესაც საქმე თავად ნარკოდამოკიდებულების დასჯას ეხება. ზედოზირების შემთხვევების გამო გამოძახებული სასწრაფო დახმარების ბრიგადას ადგილზე მისვლას პოლიცია ასწრებს, მაგრამ გარდაცვალების შემთხვევების გამოძიება წლობით თაროზე იდება. ჯანდაცვის სამინისტროდან ჩვენ იმის გაგებაც ვცადეთ, ნარკოტიკული ინტოქსიკაციით სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენი გამოძახებაა რეგისტრირებული, ასევე, სტაციონარულ და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში რამდენი პირი მოათავსეს ამავე დიაგნოზით. სამინისტროდან ჯერ-ჯერობით ვერც ეს ინფორმაცია მივიღეთ.
აზა წილოსანი: „უამრავი ფაქტია, რომ ბავშვზე ახდენდნენ ზეწოლას. ზის პოლიცია და რას აკეთებს? არაფერს. თუ არაფერი არ უნდა გამოეძიებინათ, რატომ წაიყვანეს მაშინ და რატომ გაუკეთეს ექსპერტიზა? რატომ უტარებენ ექსპერტიზას, თუ იმ ექსპერტიზის იქით აღარაფერი კეთდება.
“ჩემი შვილი მოკვდა, დავიღუპე, დამთავრდა. დამიჩეხეს ანგელოზივით შვილი, გამწარებულს კიდევ გამწარება დამიმატეს ზემოდან და არაფერი, შემოდეს საქმე თაროზე. მათთვის ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა და ჩემთვის მთელი ცხოვრებაა. ამაზე დიდი სიმწარე დედამიწაზე აღარ არსებობს“.
გია ყრუაშვილი: „ერთი-ორმა მომწერა, რომ ვიბრძოლე, მე ჩემი გავაკეთე, მაგრამ შემომითვალეს, მეორე შვილიც გყავს და მას გაუფრთხილდიო. ყველა მშობელი, წლების უკან რომ დაკარგა ბავშვი, ყველა ჩემნაირ დღეშია. არც ერთი საქმე არ მისულა ბოლომდე. არც ერთი საქმის გამოძიება არ დასრულებულა.
ამ ადგილზე ერთი საათით უნდა იდგეს პოლიცია და 50 ბარიგას დაიჭერს, როგორ დარბიან ამ სასაფლაოზე და წამალს დებენ საფლავებთან, მერე ფოტოს უღებენ და უგზავნიან ვის საფლავთან დადეს… ეს იცის ყველამ“.
ნარკოდამოკიდებულების პრობლემა საქართველოში 90-იანი წლებიდან გამწვავდა. დროსთან ერთად იცვლებოდა თავად ნივთიერებებიც და მათი გავრცელების სქემაც. დღეს ნარკოტიკების ყიდვა-გაყიდვა ნებისმიერი ადამიანისთვის თვალსაჩინოა როგორც ვირტუალურ სამყაროში, სოციალურ ქსელში, ისე რეალურ ცხოვრებაში.
აზა წილოსანი: „ვინც წამალს დებს, უმეტესად მოტოციკლეტებით დადიან. ჩაქვში არის სასტუმრო „კასტელო მარე“. იმ აღმართს რომ ავდიოდი, ჩვეულებრივად, ტრაფარეტის წინ მოტოციკლეტით გაჩერებული პიროვნება აშკარად წამალს მალავდა. ამას როგორ უნდა ბედავდეს… იმდენად გაუფასურებულია პოლიციაც, შიშიც, ყველაფერი. რატომ უნდა დებდეს ახალგაზრდა ბიჭი ქუჩაში, ტრასაზე წამალს? ჩვეულებრივად, მეც შემიძლია შევიდე საიტზე და შევიძინო ეგ წამალი. რატომ უნდა იყოს ეს დაშვებული? ან ჩვეულებრივ შემიძლია დავსაქმდე, რომ წავიღებ წამალს და დავდებ ამ ლოკაციაზე და გადამიხდიან ხელფასს. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, ვითარებას, მდგომარეობას.
მთავარია საქმე გააკეთო, მიიტანო წამალი და დადო მის ადგილზე. მორჩა, დამთავრდა. დავიჯერო, ამას ვერავინ ხედავს? მარტო ჩვენ, ამნაირი დაღუპული მშობლები ვხედავთ? სადაა ამ დროს ქვეყანა, ან პოლიცია, ან სხვა სტრუქტურა, რას აკეთებენ? ამნაირი ბავშვებით ამოღებული თანხით, თვითონ ჯიბეებს ისქელებენ“.
გია ყრუაშვილი: „თავად რკინიგზაში ვმუშაობ და ჩემი მოვალეობაა მატარებლების უსაფრთხო მოძრაობა,
მატარებლებს ვაცილებდი ხოლმე. თბილისის სადგურიდან ნავთლუხამდე არის გადასარბენი, არსენალს ეძახიან. დარბოდა 50 კაცი მაინც ლიანდაგებზე. როდესაც მემანქანეს ვკითხე, ამ ღამეს რას დარბიან ჭინკებივით მეთქი, გაეცინა. იქ ადვილად დასამახსოვრებელია ლოკაცია, ძებნა არ უნდა, ლიანდაგები დანომრილია. საფლავებზეც იმიტომ დადიან, რომ აქ დავით ბლიაძე ხომ წერია ქვაზე, ეტყვის რომ დავით ბლიაძის ქვასთან დევს.

სადაც ადვილად საპოვნელია, იქ არის გადავსებული. რკინიგზაზეც ასე დებენ. უშიშროების თანამშრომელს ვუთხარი, ეს ვნახე, ამდენი ხალხი, წამომყევი ძმაო და გაჩვენებ მეთქი. ბოდიში ჟარგონისთვის, „დაიკიდეო“, ასე მითხრა ზუსტად, ამ სიტყვებით“.
ასეთ ფაქტებს კრიმინალურ ქრონიკაში ათასში ერთხელ ამხელენ, მაგრამ შავი ბაზრის აგრესიულ მარკეტინგთან და გავრცელების მასშტაბებთან შედარებით, ეს ზღვაში წვეთია. „ვოლტის“ და „გლოვოს“ კურიერზე მეტი ამ ქვეყანაში ნარკოტიკის კურიერია.
გია ყრუაშვილი: „ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც ღიად, სოციალურ ქსელებში დასპონსორებულ ვაკანსიებს აცხადებენ დღიურად 1500 ლარიდან ზემოთ ანაზღაურებით. არ უნდა დაუძახო კაცო ამ ხალხს? დღეში 1500 ლარს თუ მომცემენ, მეც წავალ. რა უნდა გავაკეთო, მითხრან აბა. პირდაპირ ღიად აცხადებენ, მოდით დაარიგეთ და ხალხი შესვით ნარკოტიკზეო. ამაზე რომ რეაქცია არ გექნება… ყველა კორპუსში, ყველა უბანში არიან ბარიგები, რომლებიც წინდებივით იცვლიან მანქანებს და ბინებს. შევიდნენ და ნახონ“.
ნარკოტიკული ზედოზირებით დაღუპული ახალგაზრდების მშობლები გამონაკლისები არ არიან, ვისაც სჯერა, რომ ნარკოტრაფიკს მაღალი თანამდებობის პირები მფარველობენ. 26 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია მხეიძე დააკავეს. გამაოგნებელია მასშტაბები, რაშიც ირაკლი მხეიძეს დიდ ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად ამხელენ. საქმე 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ვაჭრობას ეხება.
გია ყრუაშვილი: „ეს ხალხი, ვისაც იჭერენ, არის მხოლოდ ის, რომ ერთმანეთის ბიზნესი გადაკვეთეს და ვიღაცამ შემოსავალი დაკარგა. ამას ქვეყანაში, როგორც ნარკომაფიას კი არ უყურებენ, არამედ როგორც ბიზნესს. ეს არის ყველას სირცხვილი. როდესაც ამბობენ იმას, რომ „მილიცია“ არის გმირი, გმირი კი არა, ეს საქციელი ხალხმა ხომ იცის… რა ჰქვია ამას სახელი. ნეტავ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, სადაც ყველა გმირი იქნება, მაგრამ ასე ყველას ჩვენ დავარქვათ გმირები და 16 წლის ბავშვები ამოვდოთ მიწაში… ამას გმირობა კი არა, ამას ჰქვია ღალატი. წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ 1 საათში ადამიანს 2500 ლარს აძლევდე? რაში, რომ ბავშვები დახოცო? შევიდეთ სოციალურ ქსელში და ჩვენ თვითონ ვნახავთ, დაფინანსებულია ეს განცხადებები. ტელეგრამით აგროვებენ თანხას და რიცხავენ.
თურმე, სიძულვილის ენა უნდა აკრძალონ და ადამიანებს აჯარიმებენ ყოველდღე. რა სიძულვილი, რა ომი, შობადობაზე უფრო მეტია ასეთი ბავშვების გარდაცვალება. რომელ სიძულვილზე, რომელ ქვეყნის მტრობაზე საუბრობ?!“
ისინი, ვინც ყველაზე სანუკვარი, ყველაზე ძვირფასი ადამიანები დაკარგეს, სტიგმის, სირცხვილის გრძნობის გამო ხშირად პრობლემაზე საჯაროდ ვერ საუბრობენ. არადა ნარკოტიკული ნივთიერებების ბუნება თანამედროვეობაში იმგვარად შეიცვალა, რომ აღარ ეხება მხოლოდ ნარკოდამოკიდებულ პაციენტებს. სიკვდილის შემთხვევები ხშირია ნარკოტიკის პირველივე მოხმარებისას. ჭირისუფლების ძალიან მცირე ნაწილია მზად ამ პრობლემაზე ხმამაღლა ისაუბროს. მათი ნუგეში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის აქტივიზმშია და ამ ბრძოლაში დანდობა არავის ექნება – არც მთავრობას, არც მათ ოპოზიციას, არც ეკლესიას და სხვა ხელშეუხებელ ინსტიტუციებს.
გია ყრუაშვილი: „ამის იქით არაფერი არ არის. არც პოლიტიკაა, არც არჩევნები. 16 წლის ბავშვი, ნარკოტიკით გაბრუებული, სრულწლოვანი რომ გახდება, მისთვის რა მნიშვნელობა აქვს, ქვეყანას რა კურსი აქვს?! რომელი კურსი აქვს, რუსული, ევროპული… ამათთვის კურსი სულ ერთია. ან ამათ მიერ გაკეთებული არჩევანი, არჩევნების დროს ის ქვეყანას წაადგება? შეაყნოსე და თუ გინდა, ჯალალედინს მისცემენ ხმას.
არ ეგონოს ხელისუფლებაში ვინმეს, რომ მის შვილსაც არ მიუკაკუნოს ამან. მე ასევე მივმართავ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. რომელიმეს უთქვამს, რომ ეს რუსული ნარკოტიკია? რუსული ნარკოტიკით არის სავსე საქართველო. არმია კი არა, არაფერი აღარ შეგვრჩება, ყველაფერი წაგებულია. ეს ერის დასასრულია.
“გაუბედურებული ბაბუა ვარ, გაუბედურებული დედაა და დღემდე ვერ გამონახა პატრიარქმა დრო, რომ მოგვისმინოს. პეტიციაც მივუტანეთ, რომ მიმართოს მთავრობას და ფიქრობენ ჯერ. ამ ფიქრში 30-40 ბავშვი დაიღუპა უკვე თბილისში. ის ჯერ ფიქრობს. დრო დადგება, ამ ფიქრში, ახალგაზრდა ეკლესიაში არ შევა“.
ნარკოლოგიური ზურა სიხარულიძე ხელისუფლებას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უფრო ეფექტური ბრძოლისკენ მოუწოდებს.
საქართველოში მოსახლეობის ორ პროცენტზე მეტი, 60 000 ადამიანი ინტრავენური ნარკოტიკის მომხმარებელია. სამწუხაროდ, ევროპის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე ამ საგანგაშო მონაცემით ვართ.
სახელმწიფო უწყებების სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ზედოზირებით წელიწადში დაახლოებით 40 ადამიანი იღუპება, მაგრამ ნარკოპოლიტიკის ექსპერტები ამ მონაცემებს არ ენდობიან –
გარდაცვალების ბევრი შემთხვევა ზედოზირების ნაცვლად გულის გაჩერების ან სხვა დიაგნოზით რეგისტრირდება.
ნარკოპოლიტიკის კრახი – ასეთია ვითარების შეფასება, რომელიც დღეს კიდევ უფრო უარესია, ვიდრე 90-იან წლებში გვქონდა.
გია ყრუაშვილი: „ჩემ თაობას დამმარხავი არ ეყოლება, არა თუ საქართველოს – პატრონი. ეს არის ერის მიზანმიმართული გენოციდი. მე ახლა ამაზე მეტი რა უნდა მომივიდეს, ჩემი გაზრდილი 22 წლის შვილიშვილი აგერ ჩავდე მიწაში. ბინა უნდა გვეყიდა და სასაფლაო ვუყიდე.
გამოყენებულია ” მთის ამბების” ინგორმაცია.
