
“ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსაბლეის დატოვება დიდი დანაკლისი არ იქნება საქართველოსთვის”-ირაკლი კობახიძე
“სამწუხაროდ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ბევრად უფრო სუსტი სტრუქტურაც კი “- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა “ქართული ოცნების” მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით.
პრემიერ- მინისტრის განცხადებით PACE-ს მუშაობაში არმონაწილეობა მათთვის განსაკუთრებული დანაკლისი არ იქნება.
“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წლიდან წლამდე კარგავდა საკუთარ დატვირთვას, საკუთარ ფუნქციას. ამას აკეთებდა საკუთარი ხელით და გუშინდელი გადაწყვეტილებაც არის ამის გაგრძელება. დღეისათვის, სამწუხაროდ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ბევრად უფრო სუსტი სტრუქტურაც კი.
ჩვენთვის რაიმე განსაკუთრებული დანაკლისი ვერ იქნება PACE-ს მუშაობაში არმონაწილეობა, თუმცა, რაც შეეხება ევროსაბჭოს, აქ, ბუნებრივია, ვრჩებით ჩვენ ევროსაბჭოს წევრად და თანამშრომლობა სხვადასხვა ფორმატში გაგრძელდება. მზად ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოსთან და ამას დავპირდით ჩვენ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, როცა ის ჩამობრძანებული იყო საქართველოში.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ რაღაცნაირად იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ისინი ვერ შეძლებენ“, – აღნიშნა კობახიძემ,
რაც შეეხება ქვეყნის იზოლაციაში მოქცევას, ის გვარწმუნებს, რომ რეალურად, არავითარი იზოლაცია არ იქნება.
„ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია თანამშრომლობისთვის ყველასთან, მაგრამ ხედავთ, რომ ყოველთვის მეორე მხარე, კონკრეტული მხარე იღებს ხოლმე ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არის მიმართული იზოლაციისკენ, დიალოგის აღკვეთისკენ და ა.შ. ეს არ არის სწორი მიდგომა, ეს არის საბჭოური მიდგომები და სამწუხაროდ, გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამაც იმოქმედა საბჭოური მიდგომებით, როდესაც 100-ზე მეტმა დეპუტატმა მხარი დაუჭირა საქართველოს მიმართ აბსოლუტურად უსამართლო დათქმების დაწესებას. საბჭოური მიდგომების ადგილი მგონია, რომ არ არის ევროპაში. იმედი მაქვს, რომ ევროპული ბიუროკრატია გაჯანსაღდება ახლო მომავალში. ყოველ შემთხვევაში, არის იმის რესურსი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ცვლილებების პირობებში, ევროპული ბიუროკრატიაც გაჯანსაღდეს. ამის დიდი იმედი გვაქვს”, – განაცხადა პრემიერმა.