დიდთოვლობა საქართველოში
1 min read

დიდთოვლობა საქართველოში

უამინდობა და დიდთოვლობა  საქართველოში – სად რა პრობლემები შექმნა უხვმა ნალექმა

საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მეხუთე დღეა თოვს. დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა აჭარაში. ქობულეთში 2000 აბონენტი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი, 10-მდე ოჯახს სახლის სახურავი დაუზიანდა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, უამინდობის გამო, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეჩერდება სააღმზრდელო და სასწავლო პროცესი როგორც საბავშვო ბაღებში, ასევე სკოლებში. ბათუმში 70-ზე მეტი სპეციალური ტექნიკა და 700-ზე მეტი თანამშრომელი 24 საათიან რეჟიმში სტიქიას ებრძვის.

თოვს გურიაშიც. ჩოხატაურში ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მობილიზებულია 17 ერთეული ტექნიკა. შეჩერებულია სასწავლო პროცესი. ლანჩხუთსა და ოზურგეთში რამდენიმე ოჯახს დაუზიანდა სახურავი. მოსახლეობა უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ინტენსიურად მიმდინარეობს გაზის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები. დღეს სტიქიის ზონაში საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი იმყოფებოდა, რომელმაც რეგიონში შექმნილ რთულ მეტეოროლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრა გამართა.

უხვი ნალექია სამეგრელოშიც. ფოთში აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, იყრება ტექნიკური მარილი. დიდთოვლობის გამო სამეგრელოს ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ორი დღით გადაიდო სასწავლო პროცესი, რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობისთვის სრულად აღდგენილია.

სტიქიას ებრძვიან იმერეთშიც, თოვლის საფარმა მაღალმთიან ზონაში 80 სანტიმეტრს მიაღწია. ვანის მუნიციპალიტეტში 14 ერთეული სპეციალური ტექნიკა მუშაობს, გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალაც. იმერეთის ზოგიერთ სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება. დიდთოვლობის მიუხედავად არ გაუქმებულა ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ქუთაისში გადამისამართდა რეისები ბათუმის აეროპორტიდანაც.

თოვს აღმოსავლეთ საქართველოშიც. შიდა ქართლში დიდთოვლობას საგანგებო ვითარება არ შეუქმნია. შედარებით უხვი ნალექი ხაშურის მუნიციპალიტეტში მოვიდა. მძიმე ტექნიკა მუშაობს სოფლებშიც, ხოლო მოსახლეობას შეუზღუდავად მიეწოდება ელექტროენერგია. რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა თავისუფალია, თუმცა გზებზე დაწესებული რეგულაციების გამო შეზღუდვა შეეხება მხოლოდ მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან ავტოტრანსპორტს.

კახეთში მეხუთე დღეა დიდთოვლობაა. ამ დრომდე შეზღუდვებია ვაზიანი- გომბორი- თელავის დამაკავშირებელ მაგისტრალზე. ცენტრალური მაგისტრალები გაწმენდილია, მაგრამ მოძრაობა შეფერხებულია შიდა საუბნო გზებზე.
ყველა უწყების მაქსიმალურ მობილიზებაზე ისაუბრა დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობის ინტერესი მაქსიმალური მობილიზებით იქნება დაცული.

აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე მეხუთე დღეა, უხვ ნალექს ებრძვიან. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

რუსთავი2

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *