მეწყერმა სოფელ კურსებში სახლები დაანგრია
„თავს უშველე, ბავშვები წამოიყვანე, ზევით გაიქეცი, იქნებ გაასწრო. ქვემოთ არ წამოხვიდე, მოაქვს სახლები, საფლავები…
ჩავსვი ბავშვები და გავრბივარ… ჩაწყდა ბეტონები, მთელი ტყე-ღრე მოაქვს. ვაჩერებ მანქანას, გადმომყავს ტყუპები და ვიწყებ ყვირილს, უაზრო ყვირილს. ღმუილი, მტვრევა, ბავშვების კივილი – გვიშველეთ, გვიშველეთ… არავის ესმის. მოგვდევდა, გავრბოდით. სად გავრბოდით, აღარ ვიცოდით, ფეხს ვეღარ ვადგამდით. მიწა წყდებოდა და იმტვრეოდა.
მანქანის შუქები ჩართული დარჩა. მაგის შუქზე მოგვადგნენ, თორემ ისე ჩავიხოცებოდით, მეწყერში მოვყვებოდით, კაციშვილი ვერ გვიპოვიდა“, – ოთარ გოგოლაშვილი ტყიბულის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყერზე.
კურსების ნაწილი 12 მარტს, გამთენიისას (დილის 4 საათზე) დაძრულმა მეწყერმა მიწასთან გაასწორა.
ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში მეწყრული კერები კვლავ აქტიურია – სპეციალისტების შეფასებით, ზარალი სულ უფრო იზრდება და იმატებს დაზიანებული სახლების რაოდენობა. სტიქიის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაინგრა. მეწყერსაშიში ზონაა სოფელ კურსების ორი უბანი, საიდანაც ყველა მოსახლე, 45 ოჯახი გაიყვანეს.
მიწის მასით ახლა 58 ჰექტარი ტერიტორიაა დაფარული. დაზარალებულები ახლა სასტუმროებში არიან განაწილებულები. რამდენი ოჯახი შეძლებს საკუთარ სახლში დაბრუნებას, ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც გეოლოგების საბოლოო დასკვნა მომზადდება.
