გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
1 min read

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

  1. დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის  დღეა,გილოცავ საქართველო!

🇬🇪 1991 წლის 31 მარტს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი ჩატარდა.

„თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“

რეფერენდუმი ჩატარდა 1991 წლის 31 მარტს მთელი საქართველოს მასშტაბით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც.

◽️ რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 3.302.572 ადამიანს (ამომრჩეველთა 90,3 პროცენტი). მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას.

რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი

გამოცხადებულია ტფილისში, სასახლის თეთრს დარბაზში 1918 წელს, 26 მაისს, კვირას, ნაშუადღევის 5 საათსა და 10 წუთს

მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო.

მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით მტრისაგან შევიწროვებული საქართველო თავის ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა.

რუსეთის დიდის რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დაუტევა ამიერკავკასია.

დარჩნენ რა თავისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკავკასიამ თვით იდვეს თავს საკუთარი საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერი ორგანოებიც შეჰმნეს, მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა.

ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს.

ამისდა თანახმად საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის 22 ნოემბერს არჩეული საქართველოს ყრილობის მიერ, აცხადებს:

1) ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

2) დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა.

3) საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.

4) საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰსურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.

5) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალურ მდგომარეობისა და სქესისა.

6) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზედ მოსახლე ერს.

7) დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელის საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით, და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.

დემოკრატიული საქართველოს რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია 100 წლისაა

ზუსტად 105 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, დემოკრატიული საქართველოს რესპუბლიკამ, 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია მიიღო.

1918 წლის 26 მაისს, საქართველოს რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.მ,ხოლო სამი წლის თავზე, 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ მიიღო დემოკრატიული საქართველოს რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია. საბჭოთა რუსეთის თავდასხმის გამო, კონსტიტუციის მიღება, ომის ქარცეცხლში მოუწია ქვეყანას. საქართველოს მთავრობამ და დამფუძნებელმა კრებამ, 24 თებერვალს, ღამით, დატოვა დედაქალაქი.

ისინი ჯერ ქუთაისში გადავიდნენ, ხოლო შემდეგ, 17 მარტამდე, ბათუმში დარჩნენ, სწორედ ამის გამო, ქვეყნის კონსტიტუციის დაბეჭვდა ქალაქ ბათუმში მოხერხდა, სათაურით:
„საქართველოს კონსტიტუცია მიღებული საქართველოს დამფუძნებლი კრების მიერ 1921 წლის თებერვლის 21“.

1921 წლის კონსტიტუცია, სახელმწიფოს ძირითადი კანონი, ერთ-ერთი პროგრესული კონსტიტუცია იყო იმ დროინდელ ევროპის კონტინეტზე.

აღნიშნული კონსტიტუცია, საქართველოს აცხადებდა განუყოფელ, ერთიან თავისუფალ სახელმწიფოდ, სცნობდა ადამიანის უზენაესს უფლებებს, პიროვნების ხელშეუხებლობას და ქვეყანაში კრძალავდა სიკვდილით დასჯას.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის პირველმა კონსტიტუციამ, ოთხ დღეს იარსება, მაინც უდიდესი კვალი დატოვა საქართველოს  ისტორიაში.

გამოყენებულია მასალები გუგლის საძიებო ველიდან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *