სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 33 წლის წინ, 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყო. ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, სოხუმის მერი და მინისტრთა საბჭოს 30-მდე თანამშრომელი. ტყვედ აყვანილი ადამიანები, რომლებმაც სოხუმი არ დატოვეს, მალევე დახვრიტეს.
დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ასობით ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა.
პ.ს.
27 სექტემბერი იყო,თავდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი,პრესსამსახურში. სოხუმიდან არავითარი ინფორმაცია არ მიდიოდა,რაღაცნაირი სიჩუმე ჩამოწვა,თითქოს ყველა ვგრძნობდით რომ რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა,სატელეფონო კავშირიც გაწყდა სოხუმთან.
ვერავის ვუკავშირდებოდით, რომ ინფორმაცია მიგვეღო.
საღამოს 7 საათი იყო,თავდაცვის სამინისტროში თითქმის ყველა ტელეფონი ერთდროულად რეკავდა და მხოლოდ ორი სიტყვა ისმოდა,” სოხუმი დაეცა”- ეს სიტყვები ზარივით ჩამესმის დღესაც.ეს დღე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე დღეა.მახსოვს როგორ ეძებდნენ უგზო- უკვლოდ დაკარგულ შვილებს დედები, თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოკრულ სიებში.რამდენი სიცოცხლე ჩაიფერფლა, რამდენი მსხვერპლი გაიღო ქვეყანამ,როგორი გმირობის მაგალითი აჩვენეს ჩვენმა ბიჭებმა,როგორ თავდაუზოგავად იბრძოდნენ თითეული გოჯი მიწისთვის. რომ არა გაუგონარი ღალატი და შევარდნაძის შეთანხმება ელცინთან -იარაღის ჩაბარება და სოხუმის დატოვება ყოველგვარი თავდაცვის გარეშე,ასე სამარცხვინოდ არ დაეცემოდა სოხუმი. 300 ათასი კაცი დევნილად იქცა,ბევრი ჭუბერის ჯოჯოხეთურ გზაზე დაიღუპა,ქალები,თოთო ბავშვებიც კი…
საშინელი სანახავი იყო იმდროინდელი საქართველო.დავჯარფეთ აფხაზეთი,საქართველოს ძირძველი კუთხე.აფხაზეთი დღემდე საქართველოს მოუშუშებელი ტკივილია.
